დ. მელიქიშვილი იმ ენათმეცნიერებისა და ფილოლოგების რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც ძველი თაობის გამოჩენილ აკადემიკოს მასწავლებლებთან, - ა. შანიძესთან, ა. ჩიქობავასა და სხვებთან მიიღეს შესანიშნავი განათლება, მიუხედავად ისტორიულად განპირობებული ყოველგვარი არტახებისა და თვითონაც უაღრესად სანდო და ნაყოფიერი მეცნიერები გახდნენ საქართველოში. დ. მელიქიშვილთან განსაკუთრებით განვითარდა მუშაობის ორი ძირითადი თემა, რაზეც ბევრი საყურადღებო სტატია და წიგნი აქვს დაწერილი: ერთია ქართული ზმნური სისტემის, განსაკუთრებით კი დიათეზისის უაღრესად რთული პრობლემის აღწერა, მეორე კი ე. წ. “გელათის სკოლის” ფილოლოგიური და ენათმეცნიერული ათვისება. პირველ დარგს აქ ვერ შევეხები; იგი ყველაზე ნათლადაა დამოწმული 2002 წლის მონოგრაფიაში “ქართული ზმნის უღლების სისტემა”, რომელიც უკვე თავისი მასალის მოცულობითა და აღწერის სისტემატურობითაა დიდი მიღწევა. აქ კი უპირველეს ყოვლისა მეორე სფეროს ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე მინდა შევაჩერო ყურადღება. გელათის სკოლის თხზულებებისა და მათი ენის ყოველმხრივი, კომპლექსური შესწავლა გაცილებით მეტია, ვიდრე ძველი ქართული ლიტერატურის დამატებითი ძეგლების დამუშავება და გამოკვლევა. აქ წამოჭრილია ორი ცენტრალური პრობლემა, რომლებიც, რამდენადაც ვიცი, სხვაგან და ამგვარად არ ყოფილა შეწავლილი.
1) ბერძნული ფილოსოფიური და თეოლოგიური ტერმინების შესატყვისთა შეგროვების გარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ენის ახალი ფუნქციის წარმოშობა, კერძოდ - გენეზისი მეცნიერული ენისა, ადეკვატურობისა და სისტემატურობის ყველა თავისი მოთხოვნილებებითურთ. დ. მელიქიშვილის ნაშრომები მიმაჩნია უმნიშვნელოვანეს წვლილად ისეთი ზოგადი პრობლემის გადაჭრაში, როგორიცაა კითხვა: როგორ იქმნება ახალი მეცნიერული ენა არა მხოლოდ მატერიალურად, ანუ არსებული რესურსების (მაგალითად, სიტყვაწარმოების) გამოყენებით, არამედ აგრეთვე აზრობრივად, როგორც სისტემა ცნებითი და დეფინიციური თვალსაზრისით ერთმანეთთან კავშირში მყოფი კატეგორიებისა? დ. მელიქიშვილმა ეს პროცესები მრავალრიცხოვანი მაგალითებით დეტალურად აქვს აღწერილი და ახსნილი.
2) ჩემი აზრით, ათონელთა სკოლაზე უფრო მეტად სწორედ გელათის სკოლის შემთხევევაში ვლინდება სპეციალური ენების წარმოშობის “სოციოლოგიური” პრობლემა, კერძოდ ის, რომ მეცნიერული ენის ინდივიდუალური შექმნის მიუხედავად, ეს ენა მაინც გარკვეულ ჯგუფში ვრცელდება და მხოლოდ ამის შედეგად მყარდება. გელათის სკოლის სხვადასხვა ცნობილ და უცნობ ავტორთა მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლით დ. მელიქიშვილმა შეძლო ენობრივი ჯგუფის წარმოშობის შესახებ იმ დასკვნების გამოტანა, რომლებიც შორს სცდება “ელინოფილიის” უბრალო ცნების საზღვრებს. საკითხის ამგვარი დასმა მომავალში მეტი ყურადღებას იმსახურებს ქართულ ენათმეცნიერებაში და ეხება არა მხოლოდ შუა საუკუნეების ვითარებას, არამედ მე-19 საუკუნესაც, სადაც აქამდე ცალკეული ავტორების განხილვას უფრო ვხვდებით.
დ. მელიქიშვილის მეცნიერული მუშაობა მომავალშიც ყოველნაირ მხარდაჭერას იმსახურებს
ვინფრიდ ბოედერი
ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი
გერმანია
Комментариев нет:
Отправить комментарий