ავტობიოგრაფია/Autobiography

დამანა ნიკოლოზის ასული მელიქიშვილი


დავიბადე 1939 წლის 14 ივნისს ნიკოლოზ სტეფანეს ძე მელიქიშვილისა და ნინო სიმონის ას. მჭედლიძის ოჯახში, ქ. მცხეთაში, სადაც იმ დროს მუშაობდა მამა.
ომის შემდეგ საცხოვრებლად გადმოვედით თბილისში და 1946 წელს სასწავლებლად შემიყვანეს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. 23-ე სკოლაში, რომელიც ოქროს მედლით დავამთავრე 1957 წელს.
იმავე წელს, ოქროს მედალოსანთა გასაუბრებაზე გასვლის შემდგომ (მისაღები კომისიის წევრების: ვარლამ თოფურიას, მიხეილ ზანდუკელისა და სხვათა დასკვნის საფუძველზე) ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც ქართველური ენების განხრით დავამთავრე 1962 წელს “წითელი” დიპლომით (სადიპლომო შრომა, “II კავშირებითის ფუნქციები ძველ ქართულში”, შევასრულე პროფ. ფარნაოზ ერთელიშვილის ხელმძღვანელობით).
1961 წელს დავქორწინდი (მეუღლე _ბესიკ ხარანაული), 1962 და 1963 წლებში შემეძინა ქალ-ვაჟი (ანა და ლევან ხარანაულები).
1962 წელს, მისაღები გამოცდების წარმატებთ ჩაბარების შემდგომ ჩავირიცხე თსუ ასპირანტურაში ახალი ქართული ენის კათედრაზე. ასპირანტურის კურსი გავიარე და წარმატებით დავამთავრე აკად. ვარლამ თოფურიას ხელმძღვანელობით 1965 წელს. ასპირანტურაში სწავლის პერიოდშივე აკად. ვ. თოფურიას რეკომენდაციითა და დავალებით ვატარებდი სალექციო კურსებს ქართულ ენაში თსუ სხვადასხვა ფაკულტეტის რუსულ განყოფილებებსა და დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტზე; ასევე, ქართული ფილოლოგიის ენისა და ლიტერატურის განყოფილებებზე ვატარებდი ახალი ქართული ენის გრამატიკის სალექციო კურსის სემინარებს.
1967 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი”, რომელიც მონოგრაფიის სახით გამოქვეყნდა 1975 წელს.
1988 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “გელათის
საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა და ქართული სამეცნიერო ენის
განვითარების გზები”, რის საფუძველზეც მომენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1992 წელს _ პროფესორის სამეცნიერო
წოდება.
1965 წლიდან დღემდე ვმუშაობ თსუ ახალი ქართული ენის კათედრაზე ჯერ მასწავლებლად (1965-67წწ) ახალი ქართული ენის კათედრაზე; შემდეგ _ უფროს მასწავლებლად (1968-69წწ) ძველი ქართული ენის კათედრაზე აკაკი შანიძის მიწვევით; 1970 წლიდან 1989 წლამდე კვლავ ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტის, ხოლო 1990 _ 2006 წლამდე _ პროფესორის თანამდებობაზე.
1986-92 წლებში აკად. შალვა ხიდაშელის მიწვევით ვმუშაობდი საქართველოს მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში უფროსი მეცნ. თანამშრომლის თანამდებობაზე.
1987 წლიდან 2007 წლამდე თბილისის სასულიერო აკადემიაში ვკითხულობდი სალექციო კურსს “ძველი ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლები” და პერიოდულად ვხელმძღვანელობდი სადიპლომო შრომებს. 1993-97 წლებში ამავე აკადემიაში ვასრულებდი ბიზანტინოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას, ვხელმძღვანელობდი ძველი ქართული თარგმანისა და ტექსტოლოგიის განყოფილებას.
1995 წლიდან ვარ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული გელათის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნამდვილი წევრი.
1996 წლიდან ვიყავი თსუ ( P 10.02. #6, P 10.01. 37, P10.07.#7 _ სპეციალობა ქართული ენა და ქართველური ენები; P10.03.#4, 10.01.04 _ სპეციალობა ბიზანტინისტიკა-ნეოგრეცისტიკა) სადისერტაციო საბჭოების წევრი.
წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომებს, საკანდიდატო დისერტაციებს, ვიყავი ოპონენტი და ექსპერტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებისა.
2006 წლის კონკურსის საფუძველზე დავიკავე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობა ქართული ფილოლოგიის მიმართულებით და ვხელმძღვანელობდი ქართული ენის ინსტიტუტს, ქართველური ენათმეცნიერების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
სხვადასხვა დროს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ ბიზანტინოლოგთა, ორიენტალისტთა, კავკასიოლოგთა და ქართველოლოგთა საერთასორისო კონგრესებსა და კონფერენციებზე წაკითხული მაქვს მოხსენებები ძველი ქართული მწიგნობრული სკოლების, ქართული ენის ისტორიის, ქართული საღვთისმეტყველო ტერმონოლოგიის, ქართული ზმნისა და ზოგადად ქართული ენის გრამატიკის საკითხებზე.
გამოქვეყნებული მაქვს მონოგრაფიები:
1.“იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი ( “განათლება”, ”1975წ.)
2. ძველი ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან” (გამომც. “ლოგოს პრესი”, 1999წ., თსუ გამომც., 2011წ.)
3. იოანე პეტრიწი. “განმარტება პროკლე დიადოხოსის “ღვთისმეტყველების საფუძვლებისა” ( თსუ გამომც., 1999)
4. ქართული ზმნის უღლების სისტემა (2001).
ამ ნაშრომის ინგლისური ვარიანტი, “The Georgian Verb: A Morphosyntactic Analysis” (თანაავტორები: დენიელ ჰამფრისი და მაია ყუფუნია), გამოიცა აშშ-ში გამომცემლობა “Dunwoody Press”-ში 2008 წელს.
ვარ შტეფი იუნგერ-ხოტივართან და ლია ვიტეკთან ერთად თანაავტორი სახელმძღვანელოსი: Georgiche Verbtabellen, 2010.
ჩემი ნაშრომი “ქართული ზმნის უღლების სისტემა” ითარგმნა ფრანგულ ენაზე და ელის გამომცემელს.
2000 წელს წელს ნაშრომებისათვის “ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან” და “იოანე პეტრიწი, განმარტება პროკლე დიადოხოსის ღვთისმეტყველების საფუძვლებისა” მომენიჭა გელათის მეცნიერებათა აკადემიის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია;
ვარ 90-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სხვადასხვა ხასიათის საგაზეთო თუ საჟურნალო სტატიის ავტორი.
1995 წელს დავაარსე სერია “ახალმოწამენი” და გამოვეცი ორი წიგნი: “ნაზარი მიტროპოლიტი” და “მღვდელი სიმონ მჭედლიძე”.
1995 წელს ვიყავი საქართველოს ეკლესიის ახალ წმინდანთა შესახებ მასალების
შემკრები კომისიის წევრი. კონსულტაციებისა თუ ჩემი უშუალო მონაწილეობით ახალმოწამეთა შესახებ შექმნილია რამდენიმე ფილმი.
1996_2009 წლების განმავლობაში ვარ რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო გრანტის მფლობელი:
1. 1996-2000 წწ: INTAS Project #96-0123 (“ქართული ზმნის უღლების სისტემა”) _ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ( წიგნი გამოიცა 2001 წელს)
2.1998-1999წწ: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი (“ქართული ზმნის კატეგორიების ტიპოლოგიურ-სემანტიკური მიმართებანი ევროპული ზმნის შესაბამის კატეგორიებთან”) _ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი;
3. 1999-2002 წწ: ARMAZI: “Caucasian Languages and cultures: Electronic documentation” (გელათის სკოლის ტექსტების ელექტრონული ვერსიის მომზადება) - ქვეპროექტის ხელმძღვანელი;
4. 2006-2009წწ: ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფონდი _ რუსთაველის ფონდი _ “ძველქართულ-ბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი“ _ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი. ლექსიკონი გამოიცა ორ ტომად 2010 წელს.
2007 წელს მომენიჭა “VTB ბანკ ჯორჯიას” პრემია ნომინაციაში: “წლის საუკეთესო საგანმანათლებლო და კულტურულ-ჰუმანიტარული პროექტი” (შუა საუკუნეების ქართული თარგმანის თეორია და პრაქტიკა”, პროგრამის ხელმძღვანელი – დამანა მელიქიშვილი; მონაწილეები: ქეთევან ბეზარაშვილი და ანა ხარანაული).
2008 წელს “რუსთაველის ფონდის” საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დამენიშნა შოთა რუსთაველის სტიპენდია.
2009 წელს მომენიჭა დამსახურებული პროფესორის წოდება.
ამჟამად ვარ ხელმძღვანელი ქართველური ენების სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებისა და მიმყავს რამდენიმე კურსი დოქტორანტურასა და მაგისტრატურაში, ვხელმძღვანელობ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს.
მომზადებული მაქვს გამოსაცემად:
1. დამხმარე სახელმძღვანელო ქრესტომათიითურთ: “ელინოფილური მიმართულება ქართული თარგმანის ისტორიაში” (230გვ.);
2. პროკლე დიადოხოსის “კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი”(XIII საუკ. ხელნაწერის დიპლომატ. გამოცემა);
3. გელათის კატენებიანი ბიბლია, ნაკვ. I, ‘ლევიტელთა’ წიგნი (A-1108 და Q-1152 ნუსხების მიხედვით).
4. უმაღლესი სკოლების მაგისტრატურისა და დოქტორანტურისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ გამიზნული “ქართული ზმნის უღლების სისტემის” ელექტრონული ვერსია.