пятница, 17 июля 2009 г.

შუქია აფრიდონიძე: დამანა მელიქიშვილი

         დ. მელიქიშვილი საერთაშორისო სახელის მქონე ფართო პროფილის ენათმეცნიერია, რომლის ფილოლოგიურ-ლინგვისტურმა ნაშრომებმა და ფილოსოფიურ-თეოლოგიურმა ძიებებმა შესამჩნევად წინ წასწია ქართველოლოგიური მეცნიერება, ისევე როგორც ძველ ენათა (ძვ. ქართულისა და ძველბერძნულის) კონტაქტების სფერო (თარგმანის თეორიითა და ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის კვლევითურთ).
წმინდა ლინგვისტიკის მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო წლებში გამოქვეყნებული უნიკალური მონოგრაფია “ქართული ზმნის უღლების სისტემა” (2001), რომელიც საეტაპო მონოგრაფიაა არა მარტო ავტორის მეცნიერულ შემოქმედებაში, არამედ საერთოდ ქართული გრამატოლოგიის ისტორიაში, და ეს უნდა ითქვას სრულიად გადაუჭარბებლად.
       ავტორმა ქართული ენის გრამატიკული მემკვიდრეობის კრიტიკული ათვისებით, 9000 ქართული ზმნის ანალიზის საფუძველზე წარმოადგინა მათი ორიგინალური კლასიფიკაცია ე.წ. დიათეზების სახით, რითაც გაშიფრა ქართული ზმნის სპეციფიკური რთული სტრუქტურის მორფონოლოგიური, მორფოსინტაქსური და სემანტიკური მექანიზმები და თვალსაჩინო გახადა ზმნური მოდელების ქცევის კანონზომიერებანი. წიგნმა საყოველთაო ინტერესი გამოიწვია, რასაც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ იგი მაშინვე ითარგმნა ორ ევროპულ (ფრანგულ, ინგლისურ) ენაზე და მალე გამოიცემა კიდეც უცხოეთში.
ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული მონოგრაფია საპატიო ადგილს დაიჭერს ქართული ენის კარდინალურ საკითხებზე არსებულ ლიტერატურაში _ აკადემიკოსების ნ. მარის, აკ. შანიძის, არნ. ჩიქობავასა და ვ. თოფურიას ფუნდამენტური, გზამკვლევი შრომების გვერდით.
ფილოლოგიურ-ლინგვისტური და ზოგადკულტუროლოგიური კვლევის მეორე მიმართულება, რომელსაც დ. მელიქიშვილი ჯერ კიდევ სტუდენტობის I კურსიდანვე პარალელურად მიჰყვებოდა, როცა თბილისის სახ. უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგია ჯერ კიდევ არ იყო სწავლების პროცესში დანერგილი. მისი თანდაყოლილი მიდრეკილება ძველი ენებისა და კულტურის კვლევისადმი სრულად გამოვლინდა დ. მელიქიშვილის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებში, რომლებიც მიეძღვნა გელათის ლიტერატურული სკოლის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთა (მეტადრე იოანე პეტრიწის) ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ნაწარმოებთა ინტენსიურ კვლევას (საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში წარმატებული შედეგების გამო დ. მელიქიშვილი შეთავსებით სამუშაოდ მიიწვიეს ფილოსოფიის ინსტიტუტში, სადაც ის წლების მანძილზე მუშაობდა ინტერდისციპლინარულ პრობლემატიკაზე მის მიერვე არჩეული კუთხით).
სრულიად განსაკუთრებულია დ. მელიქიშვილის ღვაწლი ფილოსოფიური ტერმინოლოგიის პარალელურ (ძველბერძნულ-ქართულ) შტუდიებში. ამ კომპლექსურმა მუშაობამ წარმოშვა რამდენიმე მონოგრაფია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია: იოანე პეტრიწი, განმარტება პროკლე დიადოხოსის ღმრთისმეტყველების საფუძვლებისა (თანამედროვე ქართულზე, ლექსიკონითა და შენიშვნებით (1999) და; ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან (1999) და სხვ. ამ ნაშრომებისათვის 2000 წელს დ. მელიქიშვილი დაჯილდოვდა წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიით.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ათეული წლების მანძილზე დ. მელიქიშვილმა აღზარდა მთელი პლეადა ქართულ-ბერძნულ ფილოლოგიაში მომუშავე ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერებისა, რომლებიც ამჟამად თავადაც წარმატებით ეწევიან სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. სწავლების მიზნით მის მიერ შექმნილმა ნაშრომმა “ძველი ქართული თარგმანის თეორია და პრაქტიკა” 2007 წ. დაიმსახურა “VთB ბანკ ჯორჯია”-ს ყოველწლიური პრემია “პარნასი” საგანმანათლებლო დარგში.
როგორც ვხედავთ, პროფ. დამანა მელიქიშვილი ფრიად ნაყოფიერი და აქტიური მეცნიერია და, თავისი მოკრძალებული ხასიათისა და ალტრუიზმის მიუხედავად, ნამდვილი ლიდერისა და მეცნიერების ორგანიზატორის თვისებებითაა დაჯილდოებული. იგი რამდენიმე პრობლემატური პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია, აქვს დიდი ნიჭი და უნარი პერსპექტიული ახალგაზრდების დაუღალავი ძიება-პოვნისა და ისინი აქტიურად ჰყავს ჩართული თავის პროექტებში.
რუსთაველის სტიპენდია ახალი სტიმული იქნება დ. მელიქიშვილისათვის იმ პროექტების განხორციელებაში, რომელთა ნაწილი ჯერ მხოლოდ ჩაფიქრებული აქვს ავტორს, ნაწილი კი უკვე მომზადებულია და გამოქვეყნებასღა ელოდება (მაგ., გელათის კატენებიანი ბიბლიის ლევიტელთა წიგნი A 1108, Q 1152 ხელნაწერების მიხედვით; “ელინოფილური მიმართულება ქართული თარგმანის ისტორიაში _ გელათის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა”, დამხმარე სახელმძღვანელო ქრესტომათიითურთ...). ეს სტიპენდია საშუალებას მისცემს მას კვლავაც წარმატებით გააგრძელოს სამეცნიერო შემოქმედებითი მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით ქართული კულტურისათვის ესოდენ ფასეულ სფეროში.


შუქია აფრიდონიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ელ-ფოსტა:shapri40@gmail.com

2008 წლის 30 ნოემბერი