Показаны сообщения с ярлыком საჯარო ლექციები /Public Lectures. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком საჯარო ლექციები /Public Lectures. Показать все сообщения

понедельник, 13 июля 2009 г.

I საჯარო ლექციის თეზისები



 ნებისმიერ ემპირიულ მეცნიერებაში და, კერძოდ, ენათმეცნიერებაში, საგნის ან მოვლენის დეფინიციისას დაცული უნდა იყოს იმანენტიზმის პრინციპი, ცნების დაყოფის ლოგიკური წესები, კლასიფიკაციის პრინციპის ერთიანობა, გამიჯნული უნდა იყოს დიაქრონიული (ისტორიული) და სინქრონიული ასპექტები.
 კლასიფიკაციის ამ, თავისთავად ცხადი პრინციპების გაუთვალიწინებლობა და დარღვევა ენობრივი ფორმებისა თუ მოვლენების კვალიფიკაციისა და დეფინიციის გაურკვევლობას, ხშირ შემთხვევაში კი მცდარობასა და დეზინფორმაციასაც იწვევს.
 ამ მხრივ ქართული ზმნის უღლებადი ფორმების სერიებად და მწკრივებად დაყოფის აკაკი შანიძისეული პრინციპი იდეალური მაგალითია იმისა, როდესაც კლასიფიკაციის ისტორიული, მორფოლოგიური და სინტაქსური პრინციპების დაცვა ერთსა და იმავე შედეგს (კლასიფიკაციას) იძლევა.
 მაგრამ ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში რთული მდგომარეობაა ქართული ზმნის ისეთი მნიშვნელოვანი კატეგორიების კვალიფიკაციის სფეროში, როგორიცაა გვარისა და ქცევის კატეგორიების დეფინიციის საკითხი და ამასთან დაკავშირებით ქართული ზმნის უღლებადი ფორმების ლოგიკურად კლასიფიკაციის პრობლემა, ზმნის პირის გამოხატვის სისტემა და ამასთან დაკავშირებული „ინვერსიის“ საკითხი და სხვ.
 არნ. ჩიქობავამ აჩვენა, როგორ უნდა ყალიბდებოდეს სინტაქსური (გრამატიკული) ცნებები, თუ რა შეუსაბამობანი მოსდევს იმანენტიზმის პრინციპის დარღვევას (უგულვებელყოფას) გრამატიკაში (ეს არის პრინციპული მეთოდოლოგიური საკითხი, რომლის ანალიზსაც ეძღვნება მისი „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში“, 1928, 1968).
 ქართული ზმნის უღლების ტიპებად დაყოფისას იმანენტიზმის პრინციპის უგულვებელყოფამ, გრამატიკული (მორფო-სინტაქსური) კრიტერიუმების დარღვევამ და კლასიფიკაციის პრინციპად ევროპული ენების მსგავსად გვარის კატეგორიის მიღებამ  რაც არა მხოლოდ ქართული ზმნის შემთხვევაშია საფუძველს მოკლებული) ქართული ზმნის უღლების უაღრესად ლოგიკური სისტემის დეფორმირებული სურათი მოგვცა, რამაც გამოავლინა შეუსაბამობა გვარისა და „ქცევის“ (ვერსიის) „გრამატიკული“ კატეგორიების სემანტიკურ დეფინიციასა და ფორმალურ კლასიფიკაციას შორის და,  შესაბამისად, ზმნის ხმოვანპრეფიქსთა ფუნქციების არაადეკვატური განსაზღვრა გამოიწვია; ქართულ ზმნაში ინვერსიის მოვლენისადმი დიაქრონიული და სინქრონიული ასპექტით მიდგომის აღრევამ, ისტორიული მოვლენის სინქრონიული თვალსაზრისით კვალიფიკაციამ, ამავე დროს, ლოგიკური ცნება-ტერმინებით (სუბიექტი-ობიექტი) ოპერირებამ შედეგად მოგვცა თანამედროვე ქართული ზმნის პირის ნიშანთა ცხრილში ამ ნიშნების რეალური ფუნქციის არაადეკვატური ასახვა. 

***
 წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს საჯარო ლექციას, რომელიც წაკითხულ
იქნა 1909 წლის 27 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (და განმეორებით _ 21 მაისს _ აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). მოხსენებაში დასმულია დიათეზის გრამატიკული (მორფო-სინტაქსური) კატეგორიის (რომელიც საფუძვლად უდევს ქართული ზმნის უღლების ტიპებად დაყოფას: დ. მელიქიშვილი, „ქართული ზმნის უღლების სისტემა,“ თბილისი, 2001), როგორც ქართული ზმნის უღლებადი ფორმების ძირითადი საკლასიფიკაციო პრინციპის საკითხი.

понедельник, 11 июля 2005 г.

II საჯარო ლექციის თეზისები

მოხსენებაში საუბარი იქნება ენათმეცნიერებაში ცნობილ მეთოდოლოგიურ საკითხებზე. განხილული იქნება მეთოდოლოგიური ხასიათის პრობლემების, დაბრკოლებებისა და დარღვევების მაგალითები ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში და ნაჩვენები იქნება ამ პრობლემებისა და დაბრკოლებების ახსნისა და დარღვევების დაძლევის ცდა.
ნებისმიერ ემპირიულ მეცნიერებაში და მათ შორის გრამატიკაში ამ მეცნიერების საგნის (ან მოვლენის) შესწავლისას საჭიროა მოხდეს მოცემული სიმრავლის კლასიფიკაცია გარკვეული თვალსაზრისით. სწორი დასკვნების მისაღებად აუცილებელია:
1. კლასიფიკაციისას ცნების დაყოფის ლოგიკური წესის დაცვა: გვარეობითი ცნების სწორად განსაზღვრა და ამ კლასიფიკაციის ფარგლებში მიღებული კრიტერიუმის ბოლომდე დაცვა (ქცევისა და გვარის კატეგორიების პრობლემა: ზმნურ ხმოვანპრეფიქსთა გრამატიკული ფუნქციისა და სემანტიკური დიფერენციაციის პრობლემა (ხმოვანპრეფიქსების გრამატიკული ფუნქცია _ პირთა კორელაცია-ორიენტაციის აღნიშვნაა, ხოლო ლოგიკურ-სემანტიკური ქვეკატეგორია მიუთითებს კუთვნილება-დანიშნულების, ლოკატიურ თუ სხვა ფუნქციებზე (რაც ქცევის გრამატიკულ კატეგორიადაა მიჩნეული, ხოლო ღ-ები სტრუქტურის ზმნებში, განსხვავებით უ- ხმოვანპრეფიქსისაგან, ი- და ე- პრეფიქსი პასივის ნიშნადაა კვალიფიცირებული (იხ. ა. შანიძე, ქართული გრამატიკის საფუძვლები, ბ. ჯორბენაძე, `ზმნის ხმოვანპრეფიქსული წარმოება ქართულში, თსუ გამომცემლობა, 1983; მ. მაჭავარიანი, ქცევის გრამატიკული კატეგორიის სემანტიკა, “მეცნიერება”, თბ., 1987 და სხვ.);
2. საკლასიფიკაციო კრიტერიუმი (პრინციპი) უნდა ემყარებოდეს მეცნიერების მოცემული დარგის შესასწავლი ობიექტის (საგნის /მოვლენის) შინაგან, იმანენტურ ბუნებას: გრამატიკის შემთხვევაში _ მორფოლოგიურ და სინტაქსურ კატეგორიებს. კვლევისას გამოყენებული უნდა იყოს დარგის შესაბამისი ცნება-ტერმინები. მართალია, ენათმეცნიერება სწავლობს ენის ფორმასთან ერთად შინაარსსაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გრამატიკაში ოპერირება ხდებოდეს ლოგიკური ტერმინოლოგიით: გრამატიკული სტრუქტურა და კონსტრუქცია უნდა აღიწეროს გრამატიკულ ცნებათა აღმნიშვნელი ტერმინებით, რომელთა ფუნქციას შესაბამისი ლოგიკური კატეგორიის ტერმინი შეესაბამება (მეთოდოლოგიურად სწორი კლასიფიკაციის იდეალური მაგალითია ქართული ზმნის დრო-კილოთა ფორმების ა. შანიძისეული სამ სერიად დაყოფა, რაც ეყრდნობა მორფო-სინტაქსურ კრიტერიუმს: ზმნის მორფოლოგიურ სტრუქტურასა და სინტაქსურ კონსტრუქციას; ასევე, ქართული შესიტყვების სტრუქტურა-მექანიზმის არნ. ჩიქობავასეული ანალიზის შედეგად ქართული ზმნური შესიტყვების სუბორდინაციულთან ერთად კოორდინაციული სინტაქსური სისტემის გამოვლენა და მის წევრებად ძირითადი, დიდი და მცირე კოორდინანტების გამოყოფით დაძლეულია ლოგიკის ექსპანსიის პრობლემა გრამატიკაში. ლოგიკიდან შემოტანილი ტერმინები: სუბიექტი//ქვემდებარე, პირდაპირი /ირიბი ობიექტი //დამატება, რომლებიც შესიტყვების წევრთა შინაარსობლივ დახასიათებას გულისხმობენ, არაადეკვატურად, მცდარად ასახავენ ქართული ზმნის მორფოსინტაქსური შესაბამისობის სურათს; ტერმინების: ‘აგენსი’, ‘პაციენსი’, ‘ინიციატორი’, ‘თემა’ და სხვ. გამოყენება არ ცვლის სიტუაციას. ნეიტრალური შინაარსის ტერმინი ‘პარტიციპანტი’ ტერმინი უკეთესია, როგორც ნეიტრალური, მაგრამ იგი არ შეიცავს შესიტყვების “მონაწილეთა” სინტაქსურ დახასიათებას, არ იძლევა მათი სინტაქსური ფუნქციის შესახებ ცნობას/ ცოდნას.
3. კლასიფიკაცია უნდა ეყრდნობოდეს ემპირიულ მასალას (ინდუქციიდან დედუქციისკენ და არა პირიქით); გრამატიკული კატეგორიის (/ნიშნის) კვალიფიკაციისას აუცილებელია სტატისტიკური (მათ შორის მონათესავე ენების) მონაცემების გათვალისწინება: მაგრამ პრობლემებს ქმნის ქართული ზმნის უღლების ტიპებად კლასიფიკაციის კრიტერიუმად გვარის სემანტიკური კატეგორიის მიღება, რამაც გამოიწვია ლოგიკურ/სემანტიკური და გრამატიკული კატეგორიების აღრევა, რის შედეგადაც ქართული ზმნის უღლების სისტემის არაადეკვატური სურათია მიღებული: R-ებ-ი სტრუქტურის ზმნების პასივად კვალიფიცირება, მედიუმის, რგორც გვარის გრამატიკული კატეგორიის მესამე სახის მიღება და მედიოაქტივისა და მედიოპასივის ქვეჯგუფების გამოყოფა აქტივისა და პასივისაგან ფორმათა “სესხების” დაშვების საფუძველზე, რაც განმარტებითი ლექსიკონის მთლიანი ზმნური ბაზის როგორც დიაქრონიულმა, ისე სინქრონიულმა ემპირიულმა კვლევამ და სტატისტიკურმა ანალიზმა არ დაადასტურა (იხ. ა. შანიძე, “ქართული გრამატიკის საფუძვლები”, თბილისი; 1963; ლ. ნოზაძე, ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკიტხები, "უნივერსალი”, თბ., 2008; დ. მელიქიშვილი, "ქართული ზმნის უღლების სისტემა”, “ლოგოს პრესი”, თბილისი, 2001; მისივე, ქართული ზმნის უღლებადი ფორმების გრამატიკული კლასიფიკაციისა და კვალიფიკაციის პრინციპებისათვის, I, II, ენათმეცნიერების საკითხები, 2008, #1, გვ.123-130; 2009,#1-2, გვ.78-95; D. Melikishvili, J.D. Humphries, M. Kupunia, The Georgian Verb: A Morphosyntactic Analysis, Dunwoody press, U.S.A., 2008).
4. დასკვნების სისწორე-მცდარობა დამოკიდებულია ან წანამძღვრის სისწორე-მცდარობაზე (რასაც ემპირია ამოწმებს და ხშირად დამოკიებულია ახალი მასალის მოკვლევასა თუ აღმოჩენებზე), ან ლოგიკური არგუმენტაციის სიმტკიცე-სისუსტეზე. პირველის მაგალითია არნ. ჩიქობავასთვის ჩვეული მტკიცე არგუმენტაციით გამორჩეული სტატია “მრავლობითის აღნიშვნის ძირითადი პრინციპისათვის ქართულში” დანასკვის მცდარობა კი გამოიწვია წანამძღვრის მცდარობამ (რომ მრავლობითისა და ინკლუზივის კატეგორია ერთი და იგივეა, რაც კვლევის შემდგომ ეტაპზე უარყოფილ იქნა ალ. ონიანის მიერ სვანური მასალს მონაცემებით და ძველი ქართულის S2 O1 პირთა ბრძანებითის ფორმების მასალის გ. ნინუას ანალიზს შედეგად); ასევე, R-ები სტრუქტურის ზმნების (/აქტივის კონვერსიული ფორმების) აპრიორულად პასივად კვალიფიცირების არამართებულობა აჩვენა ქეგლ’ის სრული ზმნური ბაზის სტატისტიკურმა ანალიზმა (რაც დაადასტურა ძველი ქართული ნათარგმნი ძეგლების ამ სტრუქტურის ზმნათა ანალიზმაც).
5. აუცილებელია კვლევისას სინქრონიისა და დიაქრონიის მონაცემების გამიჯნვა: სინქრონიულ დონეზე ენობრივი ფაქტის კვალიფიკაციისას დიაქრონიული ანალიზის შედეგების (მაგ., მორფო-სინტაქსური მოვლენის რეინტერპრეტაციის) მომარჯვება საჭირო ხდება ფაქტის ახსნის მიზნით, მაგრამ არა სინქრონიულ ჭრილში ამ ფაქტის კვალიფიკაციისთვის: დიაქრონიული ანალიზის შედეგად მორფო-სინტაქსური ფაქტების რეინტერპრეტაციის გამომჟღავნება და მათი სათანადო კვალიფიკაცია სინქრონიულ ჭრილში (მაგ.: ქართული სალიტერატურო ენის განვითარების სხვადასხვა დონეზე ძირეულ ნაცვალსახელთა ფუძის აგებულების (//ფუძის სეგმენტაციის) პრობლემა, რაც მონათესავე ენათა მონაცემებთან შეჯერება-შეპირისპირების შედეგად უნდა გადაწყდეს; ამასთან დაკავშირებით ერთის მხრივ - არსებით სახელთა ბრუნვის ნიშანთა გენეზისის საკითხი და მეორე მხრივ - სინქრონიაში ამ ნაცვალსახელთა ბრუნვის ნიშნების კვალიფიკაცია; მორფო-სინტაქსური ფაქტების ტერმინოლოგიური დახასიათების პრობლემა: მაგ.: ძველი ქართული ენის გრამატიკაში ტერმინის "კავშირებითის მწკრივ/ებ/ი" გამოყენების შეუსაბამობა და მიზანშეუწონლობა; III სერიის მწკრივთათვის ტერმინ "თურმეობითების” მიზანშეწონილობის საკითხი როგორც ძველ, ისე თანამედროვე ქართულში; გარდამავლობის, როგორც გრამატიკული კატეგორიის საკითხი პოლიპერსონალურ ქართულ ზმნაში და ინვერსიის პრობლემა და ამასთან დაკავშირებით პირის გრამატიკული მარკერების ლოგიკური ფუნქციების განსაზღვრა ისტორიულ და სიქრონულ ჭრილში და სხვ.).